პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს 2008 წლის აგვისტომდე რუსეთის მიერ „ქართული აგრესიის“ წინააღმდეგ გეგმის შემუშავება არ უკვირს.
როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება შესაძლოა, რეალობას შეესაბამებოდეს, რადგან შესაძლო კონფლიქტისთვის ყველა ქვეყანა უნდა ემზადებოდეს.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირი და ამერიკა შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად მილიარდებს ხარჯავდნენ და ამისთვის, შესაბამისი სცენარიც კეთდებოდა.
„ქვეყანას სადაც შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტური სიტუაცია, იმისთვის სცენარებიც უნდა გააჩნდეს და კადრებსაც ამზადებდეს. ასე რომ, ამაში რუსეთს ვერ გაამტყუნებ“ - განაცხადა საყვარელიძემ.
თუმცა, მისი თქმით, გაუგებარია რატომ ჩათვალა რუსეთმა მაშინდელი სიტუაცია კონფლიქტურად და ვიდრე კონფლიქტი პიკს მიაღწევდა, ჯარების შემოყვანა უფრო ადრე რატომ დაიწყო.
„რუსეთმა, რომ ოსური მხარის პროვოკაციული სროლები არ შეაჩერა იქ შეიძლება დავა, თორემ გეგმა რატომ ჰქონდა შემუშავებული, მაგაში ქვეყანას ვერ შეედავები. წესით, საქართველოსაც უნდა ჰქონოდა გეგმები. მაშინ, ქართული მხარე ასე უთავოდ და გაუგებრად აღარ იმოქმედებდა“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აგვისტოს პერიოდში ქართულ მხარეს შეტევის იდეა მომწიფებულიყო და ეს ინფორმცია რუსეთამდე მისულიყო.
„ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ეს ინფორმაცია რუსეთს ჰქონოდა, მას არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ ჰქონდა იმისა, რომ ღია კონფლიქტი იქამდე მიეყვანა სადამდეც მიიყვანა“ - აღნიშნა საყვარელიძემ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგოდ გეგმა შემუშავებული ჰქონდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციელების მომზადება ხდებოდა. მისი თქმით, გეგმა 2006-07 წლებში გენშტაბის მიერ, მასთან შეთანხმებით შემუშავდა. მისივე განცხადებით, საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებისა და ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, ცნობილი ჯერ კიდევ 4 აგვისტოს გახდა.
