პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კანდელაკის შეფასებით, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ რუსეთის გეგმის ნაწილი ოსური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების მომზადება და იარაღით აღჭურვა იყო.
„ეს თავისთავად არის აგრესია და მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა. პუტინის განცხადებამ ყველანაირ სპეკულაციას დაუსვა წერტილი“ – განაცხადა კანდელაკმა.
პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ 2006 წელს გენერალურმა შტაბმა სამხედრო გეგმა დაამტკიცა, კანდელაკის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ სამხედრო შემოჭრის გეგმა რუსეთის მანამდეც ჰქონდა და ეს 2004 წლის მოვლენებით დადასტურდა, როდესაც 58-ე არმიის მობილიზება მოხდა.
დეპუტატის შეფასებით, პუტინის დღევანდელი განცხადება პოლიტიკურ რეალობაში მრავალი ადამიანის ლუსტრაციას ახდენს.
„ეს განცხადება ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ბევრი ადამიანის ლუსტრაციას იწვევს, ვინც ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში ცუდი მდგომარეობა საქართველოს ბრალია“ – აღნიშნა კანდელაკმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრი აქვე აღნიშნავს, რომ პუტინის განცხადებამ წერტილი, ასევე, დაუსვა მათ ბრალდებებს, ვინც ამტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგოდ გეგმა შემუშავებული ჰქონდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციელების მომზადება ხდებოდა.
