კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქედს იხრის სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა სახელის წინაშე და მათ ოჯახებს სამძიმარს და თანადგომას უცხადებს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „facebook“-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც კოალიციის ლიდერი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები ქვეყნისთვის ძალიან ტრაგიკულია, რადგან მას მსხვერპლი, ნგრევა, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, ათეულ ათასობით დევნილი და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მოჰყვა.
ივანიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული ეპიზოდიდან ხალხი სწორ დასკვნას გამოიტანს.
„მწამს, რომ სწორად გათვლილი და თანმიმდევრული სტრატეგიით, შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას, ვიცი, ამ გზაზე ბევრი სირთულე გვეღობება, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის განცხადება მთავრდება აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ვოვა ვეკუას სიტყვების პერიფრაზით - „მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას ოსი და აფხაზი ხალხის გულებისკენ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვების საწინდარი“.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
