სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში ვიზიტი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
მხარის გუბერნატორი, მერები და მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე პროექტებს, რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
მოგვიანებით პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამაში ,,აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.
ხვალ კი, სალომე ზურაბიშვილი ,,დედაენის დღის" აღსანიშნავად ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებაც.
პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრასაც გეგმავს.
