პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია გაერო-ს რეკომენადაციას აძევს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია გაერო-ს რეკომენადაციას აძევს
17:35 08.08.2012
2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,  რომ ეს ომი იყო რუსეთის პასუხი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმულ იმ აქტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც ე.წ. გაყინული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ისახავდა მიზნად.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან განვლილი ოთხი წლის მანძილზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ოფიციალურად აღიარა ევროპარლამენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ და აშშ-ს სენატმა.
დეპუტატების თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია აგვისტოს სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებთან დაკავშირებით, უფრო თანმიმდევრული და მკაფიო ხდება, რაც სამართლებრივ წინაპირობას ქმნის იმისათვის, რომ მოსკოვმა არა მხოლოდ 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს და მთლიანად გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ მიყენებული ზარალის გამო კომპენსაციაც გადაიხადოს.
კომისიას მიაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსეთისგან ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო გააქტიურება.
კომისია მოუწოდებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველი ობიექტური შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის ქმედებებს, რაც საშუალებას მისცემს მას გამოიყენოს გაეროს წესდების დღემდე აუმოქმედებელი 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საკითხზე მიღებულად ითვლება, როდესაც მათთვის მიცემულია უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის ხმა, საბჭოს ყველა მუდმივი წევრის ჩათვლით. ამასთან, დავის მონაწილე მხარემ მეოთხე თავისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრისგან თავი უნდა შეიკავოს.
ამასთან, კომისია იმედს გამოთქვამს, რომ გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში, განახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, ახალი სამშვიდობო ფორმატისა და ინტერაციონალური სამშვიდობო კონტიგენტის შესაქმნელად.

ბეჭდვა