„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, პარლმენტარი გია თორთლაძე პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს და საქართველოს დეოკუპაციისათვის „ბრძოლას“ იწყებს.
როგორც თორთლაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი“, რომელიც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით აქტიურ მოქმედებას დაიწყებს.
თორთლაძის თქმით, ცენტრის მიზანი იქნება საქართველოს, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება არსებული ვითარების შესახებ, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთში ქართულ დიასპორებთან და, ასევე, აფხაზურ დიასპორასთან აქტიური მუშაობა.
„ეს იქნება ღია ორგანიზაცია და მის საქმიანობაში ჩართვა შეუძლია საზოგადოების ჯანსაღ და პატრიოტ ნაწილს“ - განაცხადა თორთლაძემ და აღნიშნა, რომ მან დეოკუპაციის საკითხს 4 ექსპედიცია უკვე მიუძღვნა.
თორთლაძის თქმით, „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის“ პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.
რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც თორთლაძემ აღნიშნა, „დემოკრატიული პარტია“ არ არის კვალიფიციური სუბიექტი, მას არ აქვს დაფინანსება და არ აქვს უფასო საეთერო დრო და ამიტომ, მისთვის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება რთული იქნება. მისივე თქმით, ის არ აპირებს არცერთი პოლიტიკური ძალის საარჩევნო სიაში შესვლას.
„ვიღებთ ტაიმ-აუტს, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუმცა, ეს არ ნიშნავს პარტიის ლიკვიდაციას“ - განაცხადა თორთლაძემ.
