საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ, პროექტ „ოკუპაციის“ ფარგლებში მომზადებული ფილმების ჩვენება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიმართება.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომზადებულია 17 დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია საბჭოთა კავშირის მიერ 14 ქვეყნაში განხორციელებული ოკუპაციის მასალა.
„საბჭოთა ოკუპაციაზე ფილმები 14 ქვეყანაზე მომზადდა, შესაბამისად გვინდა, რომ მათი ჩვენება შემოდგომაზე ამ ქვეყნებშიც მოვაწყოთ. ამ ფილმების გარდა, ასევე, ვაჩვენებთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს „აგვისტო“ – აღნიშნა მალაშხიამ.
მისი თქმით, პირველი ჩვენება, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაიწყოს, თუმცა, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მალაშხიას თქმით, ქართული და რუსულენოვანი დოკუმენტური ფილმები ინგლისურ ენაზეც ითარგმნა და ინტერნეტში განთავსდება
დეპუტატის ინფორმაციით, რუსულ ენაზე ფილმები 200 ათასმა ადმიანმა ნახა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დოკუმენტური ფილმი „აგვისტოს“ ინგლისურენოვანი ვერსიის ჩვენება შედგა.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
