საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 9-10 აპრილს შედგება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.
ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრები.
მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.
ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.
