პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს“ ომის დროს ხელისუფლებას უპასუხისმგებლო მოქმედებებში ადანაშაულებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აგვისტოს ომის შედეგად, ქვეყანამ ტერიტორიების 20% დაკარგა და ასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა - სწორად გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია და ქვეყნისთვის ავბედით ჟამს სწორი გადაწყვეტილება მიეღო, რათა დღეს უცხო ქვეყნის ტანკები დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრში არ მდგარიყვნენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიამ კიდევ უფრო ჩატეხა ხიდი, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აერთიანებდა. მათივე თქმით, ომმა უფრო გააღრმავა ტკივილი და წყენა და მეტად დააშორა ქართველები აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისა და ქვეყნის ერთობლივად შენების პერსპექტივას.
„აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩვენ დაღუპულ ქართველ, ოს და აფხაზ თანამემამულეებს ერთად დავიტირებთ და მათ ხსოვნას ღირსეულ პატივს მივაგებთ. ჩვენ, ჩვენი ერთად ყოფნით აღარასდროს დავუშვებთ ამგვარი ტრაგედიის გამეორებას“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა ერთად უნდა აღიარონ დაშვებული შეცდომები და ერთმანეთისკენ ნაბიჯი გადადგან.
