ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
12:59 08.04.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დოჰაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, კავშირის პრეზიდენტს, გაბრიელა კუევას ბარონს შეხვდა.

მხარეებმა 2020 წელს, საქართველოში, ახალგაზრდა პარლამენტარების საპარლამენტთაშორისო გლობალური კონფერენციის გამართვის საკითხი განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც, განაცხადი ჩვენს ქვეყანას გაკეთებული აქვს.

IPU-ს პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში გამართვას, რადგან, მნიშვნელოვანია, საქართველომ სამიტის მონაწილე ქვეყნებს ინსტიტუტების რეფორმირების, კორუფციასთან ბრძოლის, ღია მმართველობის, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიაროს. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაბრიელა კუევას ბარონს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის მნიშვნელობას.

გაბრიელა კუევას ბარონის შეფასებით, საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ჩართული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მუშაობასა და გლობალურ დიალოგში.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით 2020 წელს, საქართველოში ახალგაზრდა პარლამენტარების კონფერენციის გამართვის ორგანიზების პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი ამ საკითხს და ასევე, ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს შეეხო. საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს გამჭვირვალობის, საჯარო ადმინისტრირების კუთხით. იმედი მაქვს, რომ მალე მექნება შესაძლებლობა, ვეწვიო საქართველოს და გავაგრძელოთ არა მხოლოდ მსჯელობა, არამედ, ვიხილოთ, როგორ შეუძლია საქართველოს, პარლამენტართა საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა“,- აღნიშნა კავშირის პრეზიდენტმა.
ბეჭდვა