საქართველოს 21-ე საუკუნეშიც ბევრი გმირი ჰყავს, რომლებიც მზად არიან სამშობლოს თავისუფლებას სიცოცხლე შესწირონ. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ
დავით ბაქრაძემ დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ალექსანდრე მელიას ოჯახში სტუმრობისს განაცხადა.
„უფროსი ლეიტენანტი სერგო მელია ერთ-ერთი იყო იმ გმირებიდან, ვინც სიცოცხლე საქართველოს და მის დაცვას შესწირა. ისტორიის წიგნებიდან ყველას გვახსოვს გმირები 12-ე-17-ე საუკუნეებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეშიც ბევრი გმირი ჰყავს“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, 2008 წელს რუსეთის აგრესიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველებში თავისუფლების სული არსებობს.
„საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არინ სამშობლოს თავისუფლების დაცვას თავი შესწირონ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ქვეყნისთვის თავდადებულ გმირთა სახელებს საქართველოში არასდროს დაივიწყებენ.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
