„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებმა დღეს, სენაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ეროვნული გმირის ჟიული
შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, დღეს შარტავას მემორიალთან მისვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის იმპერიასთან საქართველოს დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოს არ დაწყებულა.
მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს სენაკი ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, რომლის დაბომბვისას როგორც ქართველი ჯარისკაცები ისე მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
დღესვე, სენაკში „ქრისტიან-დემოკრატების“ ორგანიზებით, „ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში დოღი გაიმართა.
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წელის 27 სექტემბერს დახვრიტეს.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
