ირაკლი ალასანია - ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ძლიერი უნდა იყოს, რომ რუსეთის აგრესია აღარ დავუშვათ
ირაკლი ალასანია - ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ძლიერი უნდა იყოს, რომ რუსეთის აგრესია აღარ დავუშვათ
11:29 08.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო .
როგორც ალასანიამ ჟურნალიტებთან საუბრისას აღნიშნა, მთელმა საზოგადოებამ პატივი უნდა მიაგოს იმ გმირებს, ვინც სამშობლოსთვის სიცოცხლე დათმო.
„ჩვენ ახლა მათი ოჯახების ზრუნვა გვავალია. უნდა მოვუფრთხილდეთ ცოცხალ გმირებს, რომლებიც საქართველოს ძალიან ბევრი ჰყავს. ის გაკვეთილი, რაც უნდა გამოვიტანოთ ოთხი წლის წინანდელი აგრესიისგან არის ის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იყოს ძალიან ძლიერი, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია აღარ დავუშვათ“ - მიაჩნია ალასანიას.
მისივე თქმით, ის სიმხდალე, რომელიც ზოგიერთმა საჯარო მოხელემ გამოიჩინა, ქართველი ბიჭების გმირობამ გადაფარა.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

ბეჭდვა