პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში საქართველოს გამთლიანებას ელის. ამის შესახებ მან დღეს, გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საქართველო წარსულში არასდროს დაბრუნდება, რამდენიც უნდა იოცნებონ მოსკოვში და წარსულის ადგილობრივმა მუმიფიცირებულმა მოღვაწეებმა.
„რამდენიც უნდა იოცნებონ დამპყრობლებმა და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა, საბჭოთა კავშირი არ აღდგება. რამდენი შადიმანიც არ უნდა მოძებნონ ქართველებში, თითო შადიმანზე ასი ცოტნე, ასი ქაქუცა და ასი დავითი გამოჩნდება“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არცერთი იოტით არ დათმობს ქვეყნის ინტერესებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მალე, ისტორიის ერთ გაელვებაში ახალ რუსეთს მოვესწრებით, რუსეთს, რომელშიც სამუდამოდ დასამარდება საბჭოეთის აღდგენის იდეა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება დაიწყება.
„იმ რუსეთთან ჩვენ მართლა დავალაგებთ ურთიერთობას და ამას გავაკეთებთ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, არამედ, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის თანასწორუფლებიანი პარტნიორი ქვეყანა. ასეთ რუსეთთან კომპრომისებს მოვძებნით“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ძალიან მალე რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდება, ამ დროისთვის კი, საქართველო წელში გამართული, განვითარებული და ევროპული სახელმწიფო იქნება.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს გეგმა ჩვენი ქვეყნის აუცილებელ გაერთიანებას და გარდაუვალ გამარჯვებას გულისხმობს.
