საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა
16:09 01.04.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა შედგა.

ჯგუფის წევრებმა განიხილეს ყველა დასაბუთებული მოსაზრება, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.

საწყის ეტაპზე, მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი 30-მა ორგანიზაციამ დაადასტურა, საკითხზე დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებები 17- მა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

„მოცულობითი ინფორმაცია მივიღეთ და დავამუშავეთ როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ამ დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებების გათვალისწინებით გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებას უკავშირდება. ვიმსჯელეთ, ღონისძიებებზე რომელიც გასატარებელია, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზემოქმედების საფრთხეების შესამცირებლად ასევე, ზეპირი მოსმენების გამართვის საკითხსა და დღის წესრიგზე, განვსაზღვრეთ ის ორგანიზაციები რომელთაც მოვიწვევთ ზეპირ მოსმენებზე“, - განაცხადა ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ.

შემდეგ ეტაპზე მოკვლევის ჯგუფი, დახურულ ფორმატში ზეპირ მოსმენებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართავს, რომლებმაც, დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს. ასევე, ზეპირი მოსმენები გაიმართება აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებთან.

მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად.

სამუშაო შეხვედრას მოკვლევის ჯგუფის წევრები ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, ცოტნე ზურაბიანი, გიორგი კანდელაკი და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე:

პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).
ბეჭდვა