კახი კალაძე - ჩემს წინააღმდეგ უნიჭო, მაგრამ ბინძური „შავი პიარის“ ახალი გიგანტური ტალღა გორდება
კახი კალაძე - ჩემს წინააღმდეგ უნიჭო, მაგრამ ბინძური „შავი პიარის“ ახალი გიგანტური ტალღა გორდება
17:05 07.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი  ფეხბურთელი კახი კალაძე მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი ახალი „შავი პიარის“ აგორებაზე აკეთებს განცხადებას.
როგორც სოციალურ ქსელ Facebook-ში კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში კალაძე აღნიშნავს, მის წინააღმდეგ სრულიად სხვა სახის, „უნიჭო, მაგრამ ბინძური „შავი პიარის“ ახალი გიგანტური ტალღა გორდება“.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა სახის კამპანიაზეა საუბარი.
„წლების მანძილზე ნაციონალური არხების, სოდ-ის და კუდ-ის ერთობლივად განხორციელებულმა „შავმა პიარმა“ არ იმუშავა და საზოგადოება ვერ დააჯერეს, რომ ცუდი და უღირსი ადამიანი ვარ. თუმცა, ქართველი ,,სამართალდამცავების“ ნაწილი და „თავისუფალი მედიის“ წარმომადგენლები ამას არ დაჯერდნენ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
კალაძის ინფორმაციით, ახალი ტალღა მის წინააღმდეგ არა როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, არამედ როგორც პიროვნების წინააღმდეგ გორდება.
მისი განცხადებით, ყველა ის პიროვნება ვინც აღნიშნული ავანტიურა დაგეგმა ან მასში მონაწილეობს, ადრე თუ გვიან კანონის წინაშე აუცილებლად აგებს პასუხს.

ბეჭდვა