პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს უცხოეთში იოლად კლავენ.
ამის შესახებ შაშიაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბარში, მინსკში ექს-დეპუტატის ბონდო შალიკიანის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.
„რატომღაც ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს უცხოეთში ძალიან ადვილად კლავენ“ - აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისივე შეფასებით, შალიკიანთან მისი დაპირისპირების მიუხედავად, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ყოფილ დეპუტატს ხელისუფლება უსამართლოდ მოექცა.
„შალიკიანთან ჩემი დაპირისპირების მიუხედავად ყოველთვის ვამბობდი, რომ მას ხელისუფლება ცუდად მოექცა. ყველაფრი ჩამოართვეს, შვილი დაუჭირეს და ის იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო“ - აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა.
ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ტეპუტატის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ კი, შაშიაშვილის თქმით, შალიკიანის შესახებ მას არაფერი სმენია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბონდო შალიკიანი მინსკში, „კავკასიური გარეგნობის“ მამაკაცთან ერთად მოკლეს. მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.
ექს-დეპუტატი შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ედებოდა. ბოლო რამდენიმე წელია შალიკიანი საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. შალიკიანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ყოფილ დეპუტატს ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
შალიკიანი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იმერეთის ყოფილ გუბერნატორს თემურ შაშიაშვილსაც არაერთხელ დაუდანაშაულებია.
ბონდო შალიკიანი „ვარდების რევოლუციამდე“ იმერეთში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ის ნავთობპროდუქტების ბიზნესს და ადგილობრივ ტელეკომპანია „ქუთაისს“ ფლობდა.
