საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა
"საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის" აღმასრულებელ დირექტორთან, ანდორ დავიდთან.
ანდორ დავიდმა მინისტრის მოადგილეს გააცნო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას ფონდის დაფინანსებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებში. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობას, რაც აღნიშნული რეგიონისადმი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების სოლიდარობას უსვამს ხაზს.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდორ დავიდს "საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის" მიერ საქართველოს არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერისთვის, რაც, მხარეების შეფასებით, პოზიტიურად აისახება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებზე.
ანდორ დავიდის განცხადებით, "საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდი" საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების შემდგომი დაფინანსების გზით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან სფეროში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
