იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელა
16:13 29.03.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გიორგი შარაბიძისა და ნათია იოსელიანის კანდიდატურებზე იმსჯელა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ორივე კანდიდატი, მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სრულად აკმაყოფილებს ცესკოს წევრობის კანდიდატის მიმართ კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს.

"ცესკოს წევრის არჩევის საკითხი დარეგულირებულია პარლამენტის რეგლამენტით, რომლის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. კომიტეტმა დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი შარაბიძის და ნათია იოსელიანის კანდიდატურების საქართველოს კონსტიტუციასთან და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მიიჩნია, რომ ორივე კანდიდატი, მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სრულად აკმაყოფილებს ცესკოს წევრობის კანდიდატის მიმართ კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ კომიტეტის წევრებს კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო, რის შემდეგაც კომიტეტმა თითოეულ კანდიდატს მოუსმინა. ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილმა კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ, ასევე გააცნეს საკუთარი ხედვები ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. გიორგი შარაბიძემ და ნათია იოსელიანმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენის შემდეგ ჩაატარა კენჭისყრის პროცედურა. გიორგი შარაბიძის ცესკოს წევრად არჩევას მხარი კომიტეტის რვა წევრმა დაუჭირა, ხოლო ნათია იოსელიანის არჩევას - ორმა წევრმა.

კომიტეტის რეკომენდაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი შარაბიძის არჩევის თაობაზე ასახული იქნება დასკვნაში. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძისგანმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე ჩამოყალიბდება ის ინსტიტუციური ჩარჩო, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა განაცხადოს კანონმდებლის ნება, რომ საკანონმდებლო პროცესში რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვა მოხდეს გარკვეულ შემთხვევებში სავალდებულო წესით და ასევე, განსაზღვროს ამ სისტემის მთავარი დამახასიათებელი ნიშნები, ხოლო მეორე მხრივ, სამართლებრივი საფუძველი უნდა შეიქმნას ამ ცვლილებების მიღების შედეგად, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია იქნეს დამტკიცებული.

"რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში წარმოადგენს სიღრმისეულ ანალიტიკურ კვლევას, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პირს აძლევს არსებული პრობლემის, მისი გამომწვევი მიზეზების, ეფექტების, რისკების, ხარჯების და მოსალოდნელი შედეგების შეფასების, აგრეთვე პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზის არჩევის შესაძლებლობას", - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულო იქნება შემდეგ შემთხვევაში:

1. საქართველოს მთავრობის მიერ, მომავალი წლის პირველ იანვრამდე, განისაზღვრება იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომელშიც, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება პროექტის ავტორის მიერ რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება;
2. როდესაც მთავრობა მთავრობის სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამა თუ იმ კანოპროექტზე - იქნება ეს ახალი კანონი თუ კანონში ცვლილება - განხორციელდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ასევე გათვალისწინებულია გამონაკლისების ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში არ ხდება რეგულირების ზეგავლენის განხორციელება. კერძოდ, როცა ეს ეხება: სახელმწიფო უსაფრთხოებას, თავდაცვას, საბიუჯეტო საკითხებს და სხვა.

ნათია მიქელაძის განცხადებით, პროექტით გაწერილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში თუ რა ინფორმაცია უნდა აისახოს.

"აქ არის სრული ჩამონათვალი, აღებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით და აღნიშნული პროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

პროექტის თანხმად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად ასახული უნდა იყოს:

· მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტები, მათი ანალიზი და ზეგავლენის შეფასება, მათ შორის, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელი შედეგი;

· არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს მიზნის მიღწევის შერჩეული გზის უპირატესობას; კანონპროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური, ეკოლოგიური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან/და სხვა შედეგები და რისკები, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან/და არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელ შედეგებსა და რისკებთან მიმართებით;

· კანონპროექტის მომზადების პროცესის დეტალური აღწერა; კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება;

· კანონის აღსრულების გზები, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების/დაწესებულებების როლი და ფუნქციები;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ ძალიან საინტერესო პროექტია წარმოდგენილი.

"ძალიან საინტერესო კანონპროექტია, რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილს, კიდევ უფრო დახვეწილს გახდის იმ კანონპროექტების ნუსხას, რომელიც მთავრობის მიერ იქნება განსაზღვრული, რომელზეც რეგულირების ზეგავლენის შეფასება უნდა იქნეს წარმომადგენელი და დიდი მადლობა ასეთი საინტერსო ინიციატივისთვის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტის იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტების დამტკიცებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებს, კომიტეტი მეორე მოსმენით განხილვის დროს დაუბრუნდება. კომიტეტის წევრებმა, ამ დათქმით, მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
ბეჭდვა