შალვა ნათელაშვილი-აგვისტოს ომზე სააკაშვილმა პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი, ხოლო ივანიშვილმა - ფინანსურად
შალვა ნათელაშვილი-აგვისტოს ომზე სააკაშვილმა პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი, ხოლო ივანიშვილმა - ფინანსურად
14:27 07.08.2012
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს თანაბრად აკისრებს.
„4 წლის წინ, კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილის მილიარდებით აღზევებულ ვაიმთავარსარდალ სააკაშვილის ბრძანებით, ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ჯარების შემოჭრის საბაბი გახდა, რამაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაშალა“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ამ კატასტროფაზე პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურად, ხოლო ივანიშვილმა - ფინანსურად.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ომს ვერ დაიწყებდა, რომ არა ივანიშვილის მილიარდებით გაწვრთნილი სპეცრაზმელები და უკრაინაში „ძირგამომპალი შეიარაღების შესყიდვა“.
„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება არჩევნებზე ლეიბორისტულ პარტიას დაუჭერს მხარს, პარტია უარს იტყვის ნატო-ში შესვლაზე, აღადგენს ურთიერთობას რუსეთთან და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაიბრუნებს.
ნათელაშვილის თქმით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს ის პოლიტიკური ძალები უჭერენ, რომლებიც ამერიკული გრანტებით ფინანსდებიან.
პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ მოხვედრის საკითხთან დაკავშირებით, ნათელაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, რომ პოლიტიკურ არენაზე ივანიშვილის გამოჩენამ „ლეიბორისტებს“ ელექტორატის ნაწილი დააკარგვინა, თუმცა, პარტიის ლიდერი იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე პარტია რეანიმაციას მოახერხებს.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილ-ივანიშვილის ტანდემი კიდევ ერთხელ გუშინ დადასტურდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე მორატორიუმის გამოცხადებას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, ივანიშვილი და სააკაშვილი ახალ პარლამენტშიც ითანამშრომლებენ.

ბეჭდვა