საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის დაგვიანების მიზეზად პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებს.
ამის შესახებ დღეს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების გამოცხადებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა და ქვეყანაში გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლები ჯერ კიდევ არ გამოჩენილან.
„ამის მიზეზი არის ის, რომ თებერვალში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოსვლის შემდეგ, რომელიც გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევას უკავშირდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებში მოწვევები მხოლოდ ორი თვის შემდეგ გაგზავნა“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს მიერ გაგზავნილი მოწვევა ბუნდოვანი იყო და არ იყო მითითებული არჩევნების თარიღი, შესაბამისად, ქვეყნებს დამკვირვებლების საქართველოში გამოგზავნის დაგეგმვა გაუჭირდათ.
„ერთია რიტორიკა და მეორეა - საქმე. ფაქტია, რომ არჩევნები კარს არის მომდგარი და საერთაშორისო დამკვირვებლები ჯერ არ ჩანან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლები მონიტორინგს მხოლოდ ექვს კვირას შეძლებენ.
პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1ოქტომბერს გაიმართება.
