„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის შეცვლას გეგმავს
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის შეცვლას გეგმავს
12:56 07.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის შეცვალას არ გამორიცხავს.
როგორც დღეს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის კანდიდატების დასახელება ძალიან ადრე დაიწყო და შესაბამისად, სამუშაო პროცესში არ არის გამორიცხული რაიმე სახის ცვლილება.
„თავიდანვე ავღნიშნავდით, რომ დეპუტატობის დასახელებული ყველა კანდიდატი მაჟორიტარი ვერ იქნება, რადგან, შესაძლოა, ზოგიერთმა პროპორციულ სიაში გადაინაცვლოს და მის მაგივრად სხვისი წარდგენა მოხდეს“ - განაცხადა პრესსპიკერმა.
ფანჯიკიძის თქმით, კოალიცია არ გეგმავს მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატის შეცვალს, ცვლილება, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეეხოს.
„ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვინმეზე საუბარი არ არის. ეს სამუშაო პროცესია. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადამიანებს ფუნქციები შეეცვალოთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, ცვლილება არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდს დატოვებს ან შეხედულებას იცვლის, ეს მხოლოდ ტექნიკური გადაადგილება იქნება.
პრესსპიკერის თქმით, ამ ეპატზე, „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარები 68 საარჩევნო ოლქში ჰყავს წარდგენილი, დარჩენილ ხუთ რაიონში მათი დასახელება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ბეჭდვა