შპს „ბურჯის“ იურისტის ალა კახნიაურის შეფასებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მოქმედებები, რომელთაც „ბურჯის“ ერთ-ერთი ავტოფარეხიდან „ბურჯის“ კუთვნილი ავტოტრანსპორტი წაიყვანეს, ძარცვის კლასიკური ნიმუშია.
როგორც კახნიაურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, დღეს გამთენიისას, შპს „ბურჯის“ სამგორში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან მისთვის უცნობი სამსახურის შავფორმიანი, შეიარაღებული წარმომადგენლები მივიდნენ და ორგანიზაციის კუთვნილი ავტოტრანსპორტი - მსუბუქი ავტომობილები და მიკროავტობუსები გაიყვანეს.
მისი თქმით, „ბურჯის“ თანამშრომლებმა, რომელთაც აღნიშნული ქმედება უკანონოდ მიიჩნიეს, მის აღსაკვეთად საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მისივე თქმით, ადგილზე მისული პოლიციელები შავფორმიანებს დაეხმარნენ.
„ჩვენ უბრალოდ სიტუაციაში გარკვევას ვცდილობდით, გვაინტერესებდა, სად მიყავდათ ტრანსპორტი. რა წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია 200-მდე შეიარაღებული კაცისთვის“-აღნიშნა კახნიაურმა.
ამასთან, იურისტის თქმით, ავტოფარეხთან მობილიზებული იყო ბიუროს დაცვის სამსახური, რომლებიც „ბურჯის“ წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„არ ვიცი, რის საფუძველზე იდგა იქ დაცვა. ჯერჯერობით, ეს ტერიტორია „ბურჯის“ საკუთრებაა და მან უნდა დაიცვას“-აღნიშნა კახნიაურმა.
სულ, მისი თქმით, აღნიშნულ ავტოფარეხში 204 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება იდგა, თუმცა, კახნიაურისთვის უცნობია რამდენი ერთეული გაიყვანეს.
შპს „ბურჯის“ ავტოფარეხთან მომხადრ ინცინდენტს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბურჯის“ მიმართ მიმდინარე სააღსრულებო ღონისძიებების ფარგლებში, ავტომანქანების ტრანსპორტირებას აწარმოებდა, რა დროსაც „ბურჯის" ცალკეულმა თანამშრომლებმა და ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ამ პროცესს ხელი შეუშალეს. სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შპს „ბურჯში“ აღასრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები გუშინ შევიდნენ. ბიუროს განმარტებით, სააღსრულებო სამუშაოების მიზანი „ბურჯის“ გაყიდული ქონების ახალი მეპატრონისთვის გადასაცემად მომზადებაა.
2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513 ლარად გაიყიდა. როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, ქონების მყიდველის ვინაობა მის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გახდება ცნობილი. აუქციონზე გატანილი იყო ბურჯის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 307 663 ლარს შეადგენდა, საწყისი ფასი კი - 5 153 831 ლარი იყო.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.
