საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, დღეს სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და უმრავლესობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ამ ორი დღის განმავლობაში საქართველო იხსენებს იმ მძიმე პერიოდს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს გადაიტანა და პატივს მიაგებს დაღუპული მეომრების ხსოვნას.
„ამ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს და, რომ მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ არავის ვესხმით თავს, თუმცა, თუ საჭირო გახდა სამშობლოს დაცვა უნდა შევძლოთ“-განაცხადა წერეთელმა.
ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილის თქმით, აგვისტოს ომი ყველაზე ტრაგიკული დღეებია საქართველოს ისტორიაში ისევე, როგორც 9 აპრილი.
როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, ქართველი მებრძოლები თავგანწირვით იცავდნენ სამშობლოს იმ განსაცდელისაგან, რომელიც საქართველოს ოკუპანტის მხრიდან დაატყდა თავს.
პრეზიდენტის განკარგულებით, 7 და 8 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
