საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა
10:10 27.03.2019
2019 წლის 27-28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატოში წევრი-ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სხდომა საქართველოს ეძღვნება და მასზე განხილული იქნება საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს ნატო-საქართველოს კომისიის მონაწილეებს. ასევე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დატვირთულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტით, ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტის შემდგომ 27 მარტს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში, 27-28 მარტს საქართველოს ეწვევა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და საქართველოში მიმდინარეობს ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიებები იმართება ნატო-ს საგარეო მინისტერიალამდე, რომელიც მ.წ. 3-4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის 70 წლისთავთან დაკავშირებულ პარალელურ ღონისძიებებში. ​


ბეჭდვა