ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალიტებს მიმართა
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალიტებს მიმართა
10:46 07.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალიტებს „მეოთხე ხელისუფლების“ ძალაუფლების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ჟურნალისტების მისამართით სპეციალური მიმართვაც გააკეთა.
„ნუ შეგეშინდებათ ზედმეტად, გამოიჩინეთ და გაუწიეთ მოქალაქეობრივი წინააღმდეგობა. ნუ შეებრძოლებით საკუთარ მომავალს, თქვენს შვილებს მომავალს ნუ გაუფუჭებთ. ძალიან ცოტა დრო დარჩა. ამ ხელისუფლებას პირველ ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავისტუმრებთ“ - მიმართა ივანიშვილმა მედიას.
მისი თქმით, ჟურნალისტებს ძალიან ცოტა დრო დარჩათ, იმისთვის, რომ საზოგადოებას დაუმტკიცონ თუ როგორ ეწინააღმდეგებიან სიცრუეს, რომელსაც, მისივე თქმით, ერთი კაცი ნერგავს.
„მინდა გთხოვოთ, რომ პოზიცია შეიცვალოთ და ობიექტურები გახდეთ. ნუ ექვემდებარებით ძალადობას. საზოგადოება ძალიან ბევრ ჟურნალისტზე გაღიზიანებულია. უნდა მოახერხოთ და საზოგადოებაში დაბრუნდეთ“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
როგორც მან აღნიშინა, დღეს ბევრი ჟურნალისტი ზეწოლის ქვეშ და ცუდ მდგომარეობაშია.
„ჩვენ დაგიდგებით გვერდში. არ იცრუოთ, ემსახურეთ სიმართლეს - ეს არის თქვენი დანიშნულება. თქვენ რეალურად წარმოადგენთ მეოთხე ხელისუფლებას და უნდა დაიბრუნოთ ეს ძალაუფლება. ნუ ემსახურებით ერთ კაცს. ჩვენ დაგეხმარებით ღირსების დაბრუნებაში“ - მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერმა მედიას.
მისივე თქმით, ჟურნალისტების საქმიანობას და მათ ობიექტურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ბეჭდვა