საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა და სამი სოფლის - ძევერას, ქიწნისისა და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა.
„ჩემი თვალით ვნახე და მთელმა საქართველომ ნახა თუ როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი. მტერმა სიცოცხლის გარდა პრაქტიკულად ყველაფერი წაგართვათ. ზოგიერთი თქვენი ახლობლის სიცოცხლეც შეიწირა. ჩემთვის ყველაზე დიდი მოუშუშებელი ტკივილია ის, რაც მათ ფეხქვეშ გათელეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ეს წლები ისტორიის ერთი გაელვებაა, თუმცა, რუსეთი ვერ შეინარჩუნებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის.
„ვერცერთმა დამპყრობელმა ქართლის შუაგულში ფეხი ვერ მოიკიდა და ესენი როგორ მოიკიდებენ. ამიტომ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხეობებს, სახლებს აუცილებლად გავათავისუფლებთ და დავიბრუნებთ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან კარგად იცის რას გაუძლო ადგილობრივმა მოსახლეობამ და როგორი იყო ტყვიების ქვეშ ბავშვების გაზრდა, მათთვის განათლების მიცემა.
„ვიღაცეებს ვაშლის ხის ძირში წამოწოლილი უსაქმურები ჰგონიხართ, მაგრამ ჩემთვის და დანარჩენი საქართველოსთვის გმირები, საქართველოს ღირსებით აღსავსე ნამდვილი ქართველი პატრიოტები ხართ. მსოფლიო მოვლილი მაქვს და თქვენნაირი ხალხი არ მინახავს. რომელი სხვა ერის წარმომადგენელი გაუძლებდა იმას, რასაც თქვენ გაუძელით“-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საბოლოოდ, საქართველო აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, ომს რუსეთის მხრიდან მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათი ათასობით ადამიანი დევნილი გახდა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.
