ეკა ბესელია წინასაარჩევნო კამპანიას ფოთის მცხოვრების სტატუსით ჩაატარებს
ეკა ბესელია წინასაარჩევნო კამპანიას ფოთის მცხოვრების სტატუსით ჩაატარებს
20:28 06.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ფოთის ამომრჩეველს კოალიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია წარუდგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ ბესელიამ განუცხადა, ეს ამომრჩველთან მისი პირველი შეხვედრა იყო.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის კოალიციის ლიდერის ფოთში ჩასვლა მოულოდნელი იყო.
ბესელიას განცხადებით, დღეიდან მან ოფიციალურად უარი თქვა თბილისის რეგისტრაციაზე და ფოთის მაცხოვრებელი გახდა.
„ფოთელები წუხილს გამოთქვამდნენ, რომ ფოთში არ ვცხოვრობდი. დღეს სამოქალაქო რეესტრიდან მივიღე ფოთში დარეგისტრირების ოფიციალური დოკუმენტაცია. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფოთში ვიქნები. ვაპირებ კარდაკარ სიარულს და ყველა ფოთელთან შეხვედრას“ - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ფოთის მოსახლეობისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემებია უსამართლობის განცდა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა და უმუშევრობა.
„ლაზიკისა და ანაკლიის მშენებლობის პიარის ფონზე ფოთი მიტოვებულ გერს ჰგავს“ - აღნიშნა ბესელიამ.
ამომრჩეველთან შეხვედრა ფოთის რიტუალების დარბაზში გაიმართა და მას, ბესელიას თქმით, 800-900 ადამიანი ესწრებოდა.

ბეჭდვა