კვიპროსში საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა
კვიპროსში საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა
12:24 25.03.2019
კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანაორგანიზატორი იყო, პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს შესახებ, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებზე, ბიზნეს გარემოზე და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

"ღოონისძიებაზე კომპანიის IBC Corporate Solutions ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს, რომ 2019 წლის 21 მარტს, საქართველოს საელჩოსა და ზემოხსენებული კომპანიის ინიციატივით, ოფიციალურად დაარსდა საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრას 40-ზე მეტი კვიპროსული კომპანია ესწრებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბეჭდვა