აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს თბილისსა და საჩხერეში შპს „ბურჯის“ რამდენიმე ობიექტი დალუქა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ბურჯის“ იურისტმა ალა
კახნიაურმა განუცხადა, თბილისში დალუქულია ერთი საწყობი და ერთი შენობა, რომელსაც ბურჯი ავტომანქანების სადგომად იყენებდა და ერთი საწყობი - საჩხერეში.
კახნიაურის განმარტებით, თბილისში, სოლოლაკში მდებარე ობიექტში „ბურჯის“ თანამშრომლებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.
„ვეუბნებით, რომ შპს „ბურჯის“ ახალი მყიდველი ოფიციალურად არ არსებობს. არავინ იცის, ის გადაიხდის თუ არა თანხას. შესაბამისად, როგორ შეიძლება ვიღაც ვირტუალურ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს გადასცე ქონება?“-განაცხადა კახნიაურმა.
2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513 ლარად გაიყიდა. როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, ქონების მყიდველის ვინაობა მის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გახდება ცნობილი. აუქციონზე გატანილი იყო ბურჯის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 307 663 ლარს შეადგენდა, საწყისი ფასი კი - 5 153 831 ლარი იყო.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად კი, ბიურო შპს „ბურჯის“ ფართების გამოთავისუფლებისა და ახალი მესაკუთრისთვის გადასაცემად მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.
