სესიაშვილი - ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას ნომერი პირველი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაავიწყოს
სესიაშვილი - ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას ნომერი პირველი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაავიწყოს
18:42 06.08.2012
ექსპერტის, კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით , ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას ქვეყნის ნომერი პირველი პრობლემა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დაავიწყოს.
ამის შესახებ სესიაშვილმა „ნიუსპრსს“ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 4 წლისთავის შეფასებისას განუცხადა.
„აგვისტოს ომიდან 4 წლის შემდეგ მოცემულობა ასეთია - რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, სადაც ძლიერი სამხედრო ბაზები განალაგა და ისინი ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“ - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პირველმა ტალღამ უკვე ჩაიარა.
„აღიარების პროცესი შეჩერებულია, რაშიც მთავარი როლი აშშ-მ და ევროკავშირმა ითამაშეს, რომლებმაც, როგორც მსოფლიოს ცივილიზებულმა სხვა ქვეყნებმა ოკუპაცია დაგმეს და არაღიარების პოლიტიკას ღიად დაუჭირეს მხარი“ - აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება კონფლიქტის ტრანსფორმაციას, სესიაშვილს მიაჩნია, რომ ამ კუთხით სრული სტაგნაციაა და როგორც საქართველოს ისე რუსეთის ხელისუფლება დიალოგისთვის მზად არ არის.
„რუსეთი თავისთავად კონფლიქტის მოგვარებით არც არის დაინტერესებული. მას მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, რომელსაც სამხედრო ბაზების განლაგებისთვის იყენებს და ამით გარკვეულწილად ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას ქმნის, რაც კრემლს უპირატესობას ანიჭებს. საქართველოს ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, რომ ვიწროპოლიტიკური ამბიციები დაივიწყოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან დიალოგის დაწყების გზები ეძიოს, მხოლოდ პოპულისტური განცხადებებით გამოდის“ - მიაჩნია სესიაშვილს.
ექსპერტმა 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში პრეზიდენტის გამოსვლა გიხსენა და აღნიშნა, რომ მას თავის სიტყვაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არც ერთხელ არ გახსენებია.
„ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაგვავიწყოს ქვეყნის ნომერი პირველი პრობლემა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რამდენადაც მისი მოგვარების უნარი არ შესწევს“ - განაცხადა ექსპერტმა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 8 აგვისტოს 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოყვა. იმავე წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა. 4 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ რუსეთს, ნიკარაგუას, ნაურუს და ვენესუელას აქვს აღიარებული.

ბეჭდვა