პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი
მიძღვნილ ღონისძიებებს გეგმავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა, აგვისტოს ომის დროს პოლიტიკურ აქტიურობაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივა სწორედ მის პარტიას ეკუთვნოდა.
მისი თქმით, „ახლებს“ მიაჩნდათ, რომ საომარი მოქმედებების დროს პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან დაპირისპირება უნდა შეეწყვიტათ.
„ჩვენი პიარკამპანია წელსაც ისე გვქონდა დაგეგმილი, რომ 7 და 8 აგვისტოს ღონისძიებები ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულიყო. ამიტომ, მიხეილ მაჭავარიანის და „ნაცმოძრაობის“ მითითებები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ დროს, ნამდვილად არ გვჭირდება“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეები“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მონაწილეობით, 8 აგვისტოს, გორში საგანგებო ღონისძიებას გამართავენ.
„სანამ ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ იფიქრებდა, ჩვენ უკვე ნაფიქრი გვქონდა“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7 და 8 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვეტს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გააკეთა და პოლიტიკურ ოპონენტებს მათი მიბაძვისა და გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ მოუწოდა.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
