პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ხაშურის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
კოალიციის აღნიშნული მოთხოვნა ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, ბრალდებულის სოლომონ ქიმერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს უკავშირდება.
"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მასმედიაში ფოტოები გავრცელდა, სადაც დაღუპულს აშკარად ეტყობა სასტიკი ცემის კვალი. მათი ცნობით, ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას, თითქოს ქიმერიძე სამმართველოს შენობის მესამე სართულის კიბიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, ეჭვქვეშ აყენებს.
კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კატეგორიულად ითხოვს, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე იქნეს გამოძიებული საქმე და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ქიმერიძე გუშინ, გადმოვარდნის შედეგად მიღებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო გარდაიცვალა.
