ჯონდი ბაღათურია „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ ინიციატივას სპეკულაციას უწოდებს
ჯონდი ბაღათურია „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ ინიციატივას სპეკულაციას უწოდებს
17:07 06.08.2012
პარლამენტარი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის ინიციატივას - რუსეთ-საქართველოს  ომის წლისთავთან დაკავშირებით, 7 და 8 აგვისტოს, საარჩევნო კამპანიის შეჩერების შესახებ, სპეკულაციად აფასებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბაღათურიამ განუცხადა, ოთხი წელია 7-8 აგვისტოს პარტიების ყველა პოლიტიკური ღონისძიება სწორედ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება და სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ აღნიშნული ინიციატივა უბრალო სპეკულაციაა და სხვა არაფერი.
„ნაცმოძრაობას“, რომ აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ადარდებდეს, „ქართული დასის“ ინიციატივას დაუჭერდა მხარს, რომლის მიხედვით, მარჩენალდაკარგულებს - აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს, შემწეობა 170 ლარამდე უნდა გაზრდოდათ, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ომში დაღუპული გმირების სიცოცხლეს 55 ლარად აფასებს.
„დაგეგმილი გვაქვს ჩვენი ღონისძიებები სწორედ აგვისტოს ომს მივუძღვნათ. ომში დაღუპული ბიჭები ჩვენი გმირები არიან და მათ ხსოვნას რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ“ - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, „ქართული დასი“ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ყოველთვის 7-8 აგვისტოს მართავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7 და 8 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვეტს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გააკეთა და პოლიტიკურ ოპონენტებს მათი მიბაძვისა და გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ მოუწოდა.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ აღიარეს.

ბეჭდვა