პრეზიდენტი წელს კახეთში სამაგალითო რთველის ჩატარებას მოითხოვს
პრეზიდენტი წელს კახეთში სამაგალითო რთველის ჩატარებას მოითხოვს
15:32 06.08.2012
კახეთში მომხდარი სტიქიის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში სამაგალითო რთველის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილმა კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელთან ლევან ბეჟაშვილთან და კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი სიბაშვილთან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა, რეგიონში უნდა აღდგეს ძველი ვენახები და პარალელურად, ახალი გაშენდეს.
„წელს სამაგალითო რთველი უნდა ჩავატაროთ. იმედია, წინა წლებთან შედარებით ყურძნის ფასი ბევრად გაიზრდება. ჩვენ არა მხოლოდ ძველი ვენახები უნდა აღვადგინოთ, არამედ, ახალი გავაშენოთ და ხალხს ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სტიქიის შემდეგ, კახეთი ბევრად უნდა გაძლიერდეს და რეგიონის ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იყოს.
პრეზიდენტმა რეგიონის გამწვანების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სექტემბერში ახალი ნარგავების დარგვის ფართომასშტაბიანი აქცია უნდა დაიწყოს, რომელშიც თავადაც მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რეგიონში დაზიანებული და გადახდილი სახურავის 95% აღდგენილია.
„გადახურვის სამუშაოები დასრულდა 3 943 სახლზე, დარჩა 154 სახლი. დაახლოებით 810 სახლი ძველი კრამიტით გადაიხურა, დგინდება მათი დაზიანების კატეგორია, რის შემდეგაც მათი განახლება დაიწყება“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.
სიბაშვილის თქმით, დაახლოებით 10 დღეში იმ ოჯახების აღრიცხვა დასრულდება, რომლებსაც სტიქიამ ვენახები გაუნადგურა. ამ დროისთვის, 17 000 ოჯახია აღრიცხული.
პრეზიდენტის მითითებით, კომპენსაციის დარიგება დროში არ უნდა გაიწელოს და ეს პროცესი სექტემბრის პირველ კვირას უნდა დასრულდეს“.
19 ივლისს სტიქიამ კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები დააზარალა, განსაკუთრებული ზიანი კახეთს მიადგა. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებზე 300-დან 1500 ლარის ოდენობის კომპენსაციას გასცემს.

ბეჭდვა