ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა
ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა
10:10 20.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისწარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სევერინ ჩაპაზთან.

სევერინ ჩაპაზმა ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობაზე.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტების შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია, გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეობით მიმდინარე საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობას უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებზე.

ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა სევერინ ჩაპაზს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევისთვის, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ბეჭდვა