აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბურჯის“ ფართების გამოთავისუფლებისა და ახალი მესაკუთრისთვის გადასაცემად მათ მოსამზადებელ სამუშაოებს
ახორციელებს. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბიუროს ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები, რომლებიც დღეს „ბურჯში“ შევიდნენ, შპს-ს ფართებს ათავისუფლებენ და ახალი მესაკუთრისთვის გადასაცემად ამზადებენ.
განცხადების თანახმად, შპს „ბურჯის“ ქონებაზე გამოცხდებულ ელექტრონულ აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში სრულად უნდა დაფაროს, რის შემდეგაც ის ქონების საბოლოოდ მყიდველი გახდება, შემძენს კი, ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს.
2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513 ლარად გაიყიდა. როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, ქონების მყიდველის ვინაობა მის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გახდება ცნობილი.
აუქციონზე გატანილი იყო ბურჯის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 307 663 ლარს შეადგენდა, საწყისი ფასი კი - 5 153 831 ლარი იყო.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.
