პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას, მის მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგებს რამდენიმე დღეში გადასცემს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „კარდაკარის“ მონაცემების კომპიუტერული დამუშავება დასრულდა და მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიასთან მათი შედარდება.
„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ მონაცემებს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სიას შევადარებთ, სახელმწიფო კომისიას ჩვენს მონაცემებს გადავცემთ და ხარვეზების ჩასწორებას მოვთხოვთ“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, „კარდაკარის“ კამპანიის დროს, მრავალი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის მიწერილი, გარდაცვლილი, დუბლირებული და გამორჩენილი ამომრჩეველი.
ქუცნაშვილის თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სიის სანდოობაზე მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როდესაც მისი დეტალურად გადამოწმება მოხდება.
