პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამის შესახებ
კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კოალიცია საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობას მიესალმება.
„ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტს უპირობოდ შეუერთდა და მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება აიღო“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კოალიციის წევრები, მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული ქცევის წესების სისტემატური დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
კერძოდ, მათივე თქმით, ბოლო დღეებში, აჭარაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და დანაშაულებრივ ქმედებაში ახალგაზრდების ჩათრევის მცდელობა კვლავ დაფიქსირდა.
„მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მომხდარს ობიექტური შეფასება მისცენ“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაციის მისაწოდებლად ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის, 4 აგვისტოს ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე, დაპირისპირება მოხდა. მმართველი პარტიის აქტივისტებმა კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს სცენასთან მისვლის და ხალხისადმი მიმართვის საშუალება არ მისცეს.
