მერაბ ბარბაქაძე - აღმსრულებლებს მოქმედების კანონიერების დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ აქვთ
მერაბ ბარბაქაძე - აღმსრულებლებს მოქმედების კანონიერების დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ აქვთ
13:02 06.08.2012
შპს „ბურჯში“ დღეს შესულ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, რომლებიც „ბურჯის“ თანამშრომლებს შენობის დატოვება ს სთხოვენ, აღსრულების უფლების დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომპანია „ატუს“ იურისტმა მერაბ ბარბაქაძემ განუცხადა.
ბარბაქაძის თქმით, აღმასრულებლების მოთხოვნით, ტერიტორიის დატოვება უწევთ „ატუს“ თანამშრომლებსაც, რადგან ამ კომპანიას „ბურჯის“ ერთ-ერთი ობიექტი აქვს დაქირავებული.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს მოქმედების კანონიერების დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გააჩნიათ. იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც კი არ აქვთ, რომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიყიდა. ობიექტის გაყიდვა საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ აღსრულების ბიუროს განკარგულებით დასტურდება, მათ კი არ აქვთ არავითარი განკარგულება იმასთან დაკავშირებით, რომ მესაკუთრე შეიცვალა“-აღნიშნა ბარბაქაძემ და დასძინა, რომ საჯარო რეესტრის ამჟამინდელი მონაცემებით, ქონების მესაკუთრე ამ ეტაპზე კვლავ შპს „ბურჯია“.
იურისტის განმარტებით, „ბურჯში“ შესულ პირებს აღმასრულებლის მოწმობებიც კი არ წარუდგენიათ.
რამდენიმე დღის წინ შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513 ლარად გაიყიდა. როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, ქონების მყიდველის ვინაობა მის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გახდება ცნობილი.
აუქციონზე გატანილი იყო ბურჯის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 307 663 ლარს შეადგენდა, საწყისი ფასი კი - 5 153 831 ლარი იყო.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.

ბეჭდვა