საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და მოახლოებული რთველისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
როგორც ქარხნის წარმომადგენლებთან საუბრისას მერაბიშვილმა აღნიშნა, სტიქიის მიერ კახეთში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილის განადგურების მიუხედავად, სახელმწიფომ დარჩენილი მოსავლის ჩაბარებასა და გადამუშავებაზე უნდა იზრუნოს.
„სამწუხაროდ, წელს ძალიან ბევრი ყურძენი გაფუჭდა, მაგრამ რაც გადარჩა ვალდებული ვართ მივიღოთ, დავაბინაოთ და მაღალი ხარისხის ღვინო ჩამოვასხათ. უფლება არ გვაქვს საქართველოში ღვინის სტაბილურ წარმოებას საფრთხე შეექმნას“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
პრემიერი ცისტერნების აწყობაში მონაწილე უჟანგავი ლითონის შემდუღებელსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პროფესია დღეს საქართველოს დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
ქარხანაში არსებული ტექნოლოგიები ყურძნის დახარისხებისა და შემდგომში მათი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა.
გურჯაანის ღვინის ქარხანამ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, გასულ წელს 11 000 ტონა ყურძენი ჩაიბარა. როგორც აღინიშნა, ქარხანამ წელს საკუთარი სიმძლავრე 4 500 ტონის მოცულობის ღვინის შესანახი ცისტერნებით, მათ შორის, 3 000 ტონის მოცულობის იტალიური წარმოების ცისტერნებით გაზარდა.
გარდა ამისა, ქარხანას 1 600 ფრანგული მუხის კასრი შეემატა, რომელიც ღვინის დაძველებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე წელს, გურჯაანის ღვინის ქარხანა 20 000 ტონა ყურძენს ჩაიბარებს.
19 ივლისს სტიქიამ კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები დააზარალა, განსაკუთრებული ზიანი კახეთს მიადგა.
