საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.
ცესკო, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ოლქში ელექტორატის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებს.
ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ საარჩევნო სიის მონაცემები ცესკოს 1 აგვისტოს გადასცა.
კომისიის მონაცემებით, ძირითად სიაში 3 385 844 მონაცემია. აქედან, მისამართის გარეშეა 52 648 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188 995, ხოლო გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი.
ამ მონაცემებში შედიან თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ, ასეთი კი - 55 277 ამომრჩეველია.
სიის მიხედვით, საზღვარგარეთ იმყოფება 310 113 ამომრჩეველი.
207 055 ამომრჩეველი იძულებით გადაადგილებული პირია.
კომისიამ, ასევე, წარადგინა ხმის უფლების მქონე პატიმრების რაოდენობა, რომელთა რიცხვი 1 295-ია.
რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 183 465 ამომრჩეველს.
1 სექტემბრამდე მოქალაქეებს სიაში საკუთარი თავის გადამოწმებისა და ცვლილებების მოთხოვნით კომისიისთვის მიმართვის საშუალება ექნებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სიის საბოლოო ვერსიას 15 სექტემბრისთვის გამოაქვეყნებს.
