სოსო ცისკარიშვილი - „ქართული ოცნების“ ბათუმის აქცია შთამბეჭდავი იყო
სოსო ცისკარიშვილი - „ქართული ოცნების“ ბათუმის აქცია შთამბეჭდავი იყო
10:27 06.08.2012
ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში გამართულ აქციას ძალზედ შთამბეჭდავი უწოდა.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბარში ცისკარიშვილმა განაცხადა, ბათუმის აქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხი გააქტიურდა და „ქართულ ოცნებას“ იმედის თვალით უყურებს.
„ძალზე ეფექტური და შთამბეჭდავი აქცია გაიმართა. შთამბეჭდავი იყო გამოსვლებიც. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის ხალხის დაშინების შემთხვევები, საზოგადოება მაინც აქტიურია“-განაცხადა ცისკარიშვილმა.
ექსპერტის თქმით, კოალიციის მიერ გამართულმა ყველა აქციამ დაამტკიცა, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერი პარტია იქნება.
„მიმაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში „ქართული ოცნება“ ლიდერი იქნება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს, თუ არჩევნები მაღალი მაჩვენებლით არ გაყალბდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების დიდი შანსი არა აქვს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ შემდეგი აქცია 18 გვისტოს, რუსთავში გაიმართება.

ბეჭდვა