ივანიშვილის თქმით - საქართველოს შემოდგომიდან ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე რეალურად იზრუნებს
ივანიშვილის თქმით - საქართველოს შემოდგომიდან ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე რეალურად იზრუნებს
21:09 05.08.2012
პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს შემოდგომიდან ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე რეალურად იზრუნებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ბათუმში საოცრებათა მოედანზე სიტვით გამოსვლის დროს კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.
„მე მინდოდა დავხმარებოდი ჩემს ხალხს, მაგრამ როგორც იცით, ამ ხელისუფლებამ ყველა გზა მომიჭრა ადამიანების დახმარებისთვის. ამიტომ გამოვნახე კანონიერი გზა დაზარალებულთა დახმარებისთვის და ის მრავალმილიონიანი ჯარიმა, რომელიც სახელმწიფომ უკანონოდ დამაკისრა გადავრიცხე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების ყველა ნაბიჯს გააკონტროლებს, აღწერს ზარალს და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ერთი ადამიანი არ დარჩება რეალური დახმარების გარეშე.
„შემოდგომიდან ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად იზრუნებს ხალხზე, საქმეს გააკეთებს და არაფერს დააყვედრებს თავის მოქალაქეებს, რადგან ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა - ხალხი ხელისუფლებას“ - აცხადებს კოალიციის ლიდერი.
მისივე თქმით, კოალიციის გამარჯვების შემდეგ ხელისუფლება ისე იცხოვრებს, როგორც ქართველი ხალხი ცხოვრობს და გათავხედებული ჩინოვნიკების თარეში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება.

ბეჭდვა