კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ბათუმის სანაოსნო ფლოტის განადგურებაში ადანაშაულებს.
„ამ ხელისუფლებამ 15 გემი მიზერულ ფასად 90 მილიონ
დოლარად გაასხვისა, მაშინ როცა მყიდველმა კომპანიამ ამ გემებიდან 2 გემი ერთი წლის შემდეგ 80 მილიონ დოლარად გაყიდა. ანუ სახელმწიფომ თითქმის მთელი ფლოტი - 15 გემი - მხოლოდ 2 გემის ფასად გაყიდა“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით ხელისუფლება იმასაც აცხადებდა, რომ მეზღვაურებს არაფერი შეეხებოდათ და ამის საბუთად მათ მეზღვაურთა დასაქმების 12 წლიანი ვალდებულება მოჰქონდათ.
„ხელისუფლება არ დაინტერესებულა თავისი მოქალაქეების ბედით, ჩვენს ქვეყანას ფლოტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება. ასე ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება თავის ხალხსა და ქვეყანას.
ჩვენ ვიცით, რომ მეზღვაურობა ბათუმელებისთვის პრესტიჟულ, საამაყო, და ამავე დროს შემოსავლიან პროფესიად ითვლება,რადგან ზღვაოსნობას აქ დიდი ტრადიცია აქვს. ქართველ მეზღვაურებს უცხოეთში ყოველთვის კარგი სახელი ჰქონდათ“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნაოსნობის ტრადიციას აღადგენს. ფლოტის გადარჩენითა და განვითარებით კი ქვეყანაში ასეულობით სამუშაო ადგილი გაჩნდება.
