პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შრომის კოდექსს შეცვლის.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ბათუმში საოცერებათა მოედანზე კოალიციის აქციაზე სიყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ ხელისუფლებამ, რომელიც თავისი ძალაუფლებისა და კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე იხევს, გაუგონარი ვითარება შექმნა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში. ხელისუფლება თავისი მოქალაქეების მიმართ აშკარად დისკრიმინაციულად მოქმედებს.
ინვესტიციების ხელშეწყობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის სამარცხვინოა, რომ მისი მაღალკვალიფიციური მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილები, მათთვის შეუფერებელ შავ სამუშაოს ასრულებენ წარმოუდგენლად მცირე ანაზღაურების ფასად.
„კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად დაუმსახურებელად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან აქ, მშობლიურ მიწაზე. ჩვენ შევცვლით შრომის კოდექსს ისე, რომ არც ერთ დამქირავებელს აღარ შეეძლოს დაქირავებულის უფლებების შელახვა. ჩვენ აღვადგენთ სამართლებრივ და უფლებრივ წონასწორობას დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. ვეღარავინ გაბედავს ჩვენი მოქალაქის ან სტუმრის დაჩაგვრას და შეურაცხყოფას. მე ამას გპირდებით“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, „რომ ამ უმსგავსობას რაც შეიძლება სწრაფად მოუვლს“.
