ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ეკლესიას ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხისგან გავათავისუფლებთ
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ეკლესიას ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხისგან გავათავისუფლებთ
19:42 05.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში აქციაზე, პოლიტიკური მოტივით ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სამღვდელოება ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუპირისპირა.
ივანიშვილის თქმით, ნაციონალური ტელერახებით გამუდმებით ტრაბახობენ იმ მღვდელმთავრებით, რომლებიც ხოტბას ასხამენ სააკაშვილს, ხოლო დაუფარავი აგრესიით მოიხსენიებენ ყველას, ვინც გაბედა და „ქართული ოცენების“ მხარდაჭერა გამოხატა.
„დაპირისპირება ეკლესიაში ისე დაუფარავად ხდება, რომ მაგალითად, საჩხერეში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებულია იმ განწყობით, რომელიც იქ მსახურმა მეუფემ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არაერთხელ გამოავლინა. დაახლეობით იგივეს აკეთებენ უცხოეთში მოღვაწე მღვდელმსახურები. ეს პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ უცხოეთში ქართული დიასპორებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვისი მხადამჭერიცაა მოძღვარი, იმის მხარდამჭერადაა ქცეული მრევლი“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ დაპირისპირებას დაასრულებს და ეკლესიას ნებისმიერი ზეწოლისაგან და პოლიტიკური წნეხისაგან გაათავისუფლებს.
კოალიციის ლიდერი ბათუმში საოცრებათა მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩაერევა.
„სიტყვას გაძლევთ, რომ სახელმწიფო არასოდეს ჩარევა ეკლესიის შიდა საქმეებში. ჩვენ ყველანაირ შუღლსა და ღვარძლს წერტილს დავუსვამთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი სამშოლო დაჰყოს და დააქუცმაცოს, ადამიანები ერთმანეთს წაჰკიდოს და ქვეყანა დაპირისპირების მორევში ჩაითრიოს“- განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა