პოლიტიკური კოალიცა „ქართული ოცნება“ შუახევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიისგან რეაგირებას მოითხოვს.
ამის შესახებ კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შუახევის სასტუმროში, სადაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ხელისუფლების მხრიდან მორიგი პროვოკაცია განხორციელდა.
„საქმე ეხებოდა ახალგაზრდებში სავარაუდოდ, ჩანერგილი პირის - ირაკლი დობორჯგინიძის ადგილიდან გაყვანას, თუმცა ეს ოპერაცია პოლიციამ ქურდობის ფაქტის დაფიქსირებად მონათლა“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ირაკლი დობორჯგინიძე შუახევში მოძრაობდა მანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერია GVG 121, ის ახალგაზრდებს მანქანაში ისვამდა და ეკითხებოდა ეწევიან თუ არა ისინი „პლანს“, აძლევენ თუ არა მათ ფულს და ა.შ.
„დაეჭვებულმა ახალგაზრდებმა მის მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რასაც უსიამოვნება მოჰყვა. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ დაინტერესებულიყო მომხდარი ფაქტით, ვითომდა ქურდობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით დააკავა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრეს-სპიკერის განცხადებითვე, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართა და მოითხოვა უზრუნველყონ დაკავებულების უსაფრთხოება, ასევე პოლიციამ განმარტოს რა საპროცესო სტატუსი აქვს თავად დობორჯგინიძეს საქმეში.
ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, რომ პოლიციამ შუახევის სასტუმროში მყოფი სხვა ახალგაზრდებიც დააკავოს.
