ზალკალიანი: Eurojust-თან გაფორმებული შეთანხმება ევროკავშირთან სამართლებრივი კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებს
ზალკალიანი: Eurojust-თან გაფორმებული შეთანხმება ევროკავშირთან სამართლებრივი კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებს
18:22 12.03.2019
საქართველოს მთავრობასა და Eurojust-ს შორის შეთანხმება გაფორმდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

შეთანხმების შედეგად საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა სისხლის სამართლისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.

„მინდა გაცნობოთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და Eurojust-ს შორის შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან. კერძოდ ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის განვითარების კუთხით.“ - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ დადებით მხარეებზე, რასაც შეთანხმების გაფორმება მოუტანს ქვეყანას.

„შეთანხმების გაფორმების შესაბამისად გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კერძოდ, Eurojust -ს შორის სისხლის სამართლის სფეროში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ საქმეში“.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ მიმოიხილა ქვეყნის საგარეო სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება და აღნიშნა, რომ Eurojust-სთან შეთანხმების გაფორმება ზუსტად შეესაბამება, იმ გეგმებს, რომელსაც ქვეყნის წინაშე აღნიშნული დოკუმენტი სახავს.

„ვფიქრობ რომ ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ საგზაო რუკაში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის გახლავთ საქართველოს მეტი ჩართულობა ევროკავშირის პროგრამებში და სააგენტოებში და სწორედ ეს შეთანხმება არის თანხვედრაში საქართველოს ამ მიზანთან.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ბეჭდვა