მამუკა ბახტაძე: თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი
მამუკა ბახტაძე: თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი
15:19 12.03.2019
თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმატებაში , რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა.

მისივე თქმით, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო, რომელიც ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებსა და იმ იდეოლოგიას, რომელიც უნდა გაეტარებინა ხელისუფლებას.

"აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველა უნდა დარჩეს ამ პრინციპების ერთგულად, თუ არ დარჩება – ასეთი ადამიანების ადგილი ხელისუფლებაში ვერ იქნება", – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს შორის ყველა ინიციატივის გარშემო იმართება ცხარე დისკუსია და კამათი.

"თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ ჩვენ ისე ვიხილავთ ინიციატივებს, რომ მის გარშემო არ ხდება დისკუსია, მინდა, დაგარწმუნოთ, ეს ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია რითაც ჩვენ წარვდგებით ხოლმე საზოგადოების წინაშე, ეს არის ნორმალური და ეს არის ის მართვის პრინციპი, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ", – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი არის ღირსეული ადამიანი და ყველა რეფორმაში მისი წვლილი არის ძალიან დიდი.

"თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თეა წულუკიანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბეჭდვა